ზოგადად ჩვენი ქვეყანა დგას სერიოზული გამოწვევების წინაშე, გვჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, გვჭირდება დაწყებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების ბოლომდე მიყვანა, თავდაცვისუნარიანობის, უსაფრთხოების გაძლიერება, გვჭირდება განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის სისტემების მეტად გაძლიერება, ასევე ზრუნვა კულტურაზე, სპორტზე ახალგაზრდების მიმართულებით, ასევე, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების მეტად გაძლიერება არის საჭირო. იმისათვის, რომ მაქსიმალურ შედეგებს მივაღწიოთ, უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი საქმიანობა მყარ პრინციპებს. პირველ რიგში, მე მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით. [...]
გვაქვს კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, რასაც ძალიან ბევრი საერთაშორისო კვლევაც ადასტურებს, თუმცა აქაც ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს და უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა, მთავარია, რომ მარტივად ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე. ზოგადად, გვყავს ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ, ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არცერთ თქვენგანს არ აკლია.
განაცხადა პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ მთავრობის სხდომაზე.