კობახიძე: გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში

კობახიძე: გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს, ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში

გერმანიის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა, ქართული ოცნების არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "დღეს გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს".

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ელჩი პიტერ ფიშერი "ბიუროკრატია, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს".

"არის აწ უკვე წარმავალი განათლების მინისტრი, რომელმაც კუდი მოიქნია, სანამ დატოვებს თანამდებობას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიუხედავად ფონისა, რაც არის შექმნილი, გერმანიასთან გვექნება მაქსიმალურად მჭიდროდ თანამშრომლობა მომავალში. თქვენ იცით, რამდენს აფუჭებენ კონკრეტული ბიუროკრატები, მათ შორის მოქმედი ელჩი. რეალურად, გერმანიას დღეს საქართველოში ელჩი არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში, სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს გერმანიის ელჩს. ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული გერმანიასთან მჭიდრო ურთიერთობების აღდგენით. როგორც კი შეიცვლება მოცემულობა, მაშინვე, ვფიქრობთ, გვექნება პროგრესი ურთიერთობებში", - ამბობს ის.

საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის ცნობით, გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გერმანია-საქართველოს სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება გაყინა.

მისი თქმით, ეს მოიცავს სტუდენტების მობილობას, კვლევას და ევროკავშირი-საქართველოს პროგრამებს.

ელჩი მიზეზად "საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას" ასახელებს.

ელჩი აზუსტებს, რომ ეს შეზღუდვა ჯერჯერობით არ ეხება გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმდინარე დაფინანსებას საქართველოსთვის, რაც დაახლოებით 1 მილიონ ევროს შეადგენს.

ის ამბობს, რომ ეს ჯერ არ ეხება გერმანიის "გულუხვ სასტიპენდიო პროგრამებს, მაგალითად, DAAD-ს" და აღნიშნავს, რომ "გერმანია აგრძელებს ვითარების მონიტორინგს და, სამწუხაროდ, განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტის გადახედვას".