
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ გელათის ტაძრის აღდგენისთვის "ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა". ის ამბობს, რომ რეაბილიტაციის მალე დასასრულებლად "ყველა ზომა იქნება მიღებული".
კობახიძემ ერთპარტიულ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას მადლობა გადაუხადა საპატრიარქოს, რომელმაც გელათის კომპლექსის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში გადაიბარა.
"ცალკე შევეხები გელათის საკითხს, რომელთან დაკავშირებითაც შარშანდელი გამოსვლის პერიოდში არაერთი კითხვა დაისვა.
ამ პერიოდის განმავლობაში 2-ჯერ ვიყავი ჩასული გელათში, ადგილზე, პირადად გავეცანი სამუშაოებს და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა, ზომები იქნა მიღებული იმისათვის, რომ აღდგეს ძეგლი იმ მდგომარეობით, რა მდგომარეობითაც იყო კონკრეტული დაზიანების მიღებამდე და ამისათვის არის კონკრეტული ზომები მიღებული - აშენდა დროებითი კონსტრუქცია, რომელიც დაიცავს ტაძარს ნებისმიერი ნალექსიგან და უზრუნველყოფს ტაძრის გამოშრობას, რაც საშუალებას გვაძლევს იმისა, რომ მოხდეს როგორც უნიკალური ფრესკების კონსერვაცია, ასევე მოზაიკის კონსერვაცია.
ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ ეს რეაბილიტაციის სამუშაოები ძალიან მალე დასრულდეს და გელათი მთელი თავისი ბრწყინვალებით დაუბრუნდეს ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას.
მინდა მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით, საპატრიარქოს და კონკრეტულ წარმომადგენლებს, რომლებიც არიან ჩართული ამ პროცესში ყველა იმ ნაბიჯისთვის, რომელიც გადაიდგა ძეგლის განახლებისთვის", - თქვა მან.