
პოლიციელის დღის ღონისძიებაზე ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელებს სიტყვით მიმართა და თქვა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი "ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა".
ირაკლი კობახიძემ მათ მადლობა გადაუხადა, მათ შორის "ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობის აღკვეთისთვის".
აქციებზე არაერთ მოქალაქესა და ჟურნალისტზე ძალადობის ფონზე, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია".
"პოლიციის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში განხორციელდა, ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად იქცა. მან პოლიციელს საზოგადოებრივი აღიარება, ნდობა და პატივისცემა მოუტანა. პროფესიონალიზმი, კანონის წინაშე ყველას თანასწორობის პრინციპის დაცვა და მოქალაქეებისადმი პატივისცემა თქვენი წარმატების საფუძველია. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, რომ დღეს ქართველი პოლიციელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნდობისა და უსაფრთხოების სიმბოლოა.
დღეს ქართული პოლიცია არსებითად ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით მუშაობს, რაც ბოლო პერიოდის მოვლენებისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა. გასული 4 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. კიდევ უნდა აღინიშნოს, რომ ძალზე მასშტაბური ძალადობის მოგერიებას არცერთი მოქალაქის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი არ დაუტოვებია", - თქვა მან.