მედიის ადვოკატირების კოალიცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ჟურნალისტების, პუბლიკას დირექტორის ზურა ვარდიაშვილისა და ტაბულას ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის 2 200 - 2 200 ლარით დაჯარიმებას განცხადებით ეხმაურება.
როგორც მედიაკოალიციის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტების, მათი საქმიანობისა და დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ გადადგმული მორიგი ნაბიჯია.
"ზურა ვარდიაშვილი აქციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ბექა ჯიქურაშვილი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს დააკავეს, ორივე მათგანის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის" ბრალდებით. სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელიც უტყუარად ადასტურებდა, რომ ბექა ჯიქურაშვილი დაკავების დროს ჟურნალისტური საქმიანობის ახორციელებდა. შესაბამისად, მისდამი სასამართლოს მხრიდან სამართალდამრღვევად ცნობა ორმაგად საგანგაშოა.
საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ორივე საქმის განხილვა სასამართლოში ღამის 5 საათზე დასრულდა. ძირითად მტკიცებულებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკავების ოქმი და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლის ჩვენება ჰქონდათ წარმოდგენილი. ზურა ვარდიაშვილის შემთხვევაში კი დაკავების ბრძანების გამცემი, ვაჟა სირაძე მოწმის სახით არ დაკითხულა, ვინაიდან სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა. არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა წარმოდგენილი სამხრე კამერის ჩანაწერები. შესაბამისად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშეც ცხადია, რომ მოსამართლე დაეყრდნო მხოლოდ საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ ახსნა-განმარტებებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული ჟურნალისტების დაჯარიმება სახიფათო პრეცენდენტს ქმნის და მედიაგარემოსთვის დამაზიანებელია. ცალსახაა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პროფესიული საქმიანობის ხელშეშლასა და შეზღუდვას ისახავს მიზნად", - აღნიშნულია განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი და პუბლიკას დირექტორი სამართალდამრღვევებად ცნო და 2 200 - 2 200 ლარით დააჯარიმა.
ბექა ჯიქურაშვილი პუბლიკას დირექტორთან ერთად 2 მარტს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დააკავეს. აქციაზე რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
ჟურნალისტებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.