კოალიცია: საბა სორდიას დაკავება მედიის სისტემური რეპრესიული პოლიტიკის შემთხვევაა

კოალიცია: საბა სორდიას დაკავება მედიის სისტემური რეპრესიული პოლიტიკის შემთხვევაა

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება ინდიგოს ჟურნალისტის, საბა სორდიას დაკავებას და აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი მედია ქართული ოცნების რეჟიმის მთავარი სამიზნეა.

კოალიციის თქმით, საბა სორდიას დაკავება არის კიდევ ერთი შემთხვევა მედიის სისტემური რეპრესიული პოლიტიკისა, რომლის მასშტაბი დღითი დღე იზრდება.

"ჟურნალისტების დაკავება ისეთი მოსახერხებელი საბაბით, როგორიცაა პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა, სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაა. ეს არის გააზრებული ტაქტიკა მედიის თავისუფლებაზე შემაკავებელი ეფექტის შესაქმნელად და სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად. “ქართული ოცნების” რეჟიმი სხვადასხვა მეთოდით აგრძელებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობას, რაც მოიცავს სამართლებრივი დევნის მექანიზმებს, ფიზიკურ ძალადობას, მძიმე ფინანსურ სანქციებს, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივების მიღებას და დაუსჯელობის პოლიტიკას ძალადობის შემთხვევაში.

პროევროპული საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ასზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის მიუხედავად, არცერთი თავდამსხმელი არ იქნა იდენტიფიცირებული და დასჯილი. ზემოაღნიშნული შემთხვევები ნათლად აჩვენებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოხატვის თავისუფლების და ნებისმიერი კრიტიკული აზრის სისტემური შეზღუდვის მცდელობას.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და განაგრძობს ბრძოლას მათი თავისუფლებისა და უფლებების დაცვისთვის"- ნათქვამია განცახდებაში.