კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ქართული ოცნების წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომლებიც მიმართულია განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეების დისკრედიტაციისკენ.
კოალიციის განცხადებით, მმართველი გუნდის ამგვარ რიტორიკას მსუსხავი ეფექტი აქვს მოსამართლეთა გამოხატვის თავისუფლებაზე, ლახავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და აზიანებს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ნაბიჯია.
"მოსამართლეთა ერთმა ნაწილმა კეთილსინდისიერების შემოწმების შემოთავაზებული მექანიზმი მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის განცხადებითკი ასეთი პროცესი პრინციპულად ლახავს სასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობას. უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნული განცხადება არ გაიზიარა 10-მდე მოსამართლემ, მათ შორის არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები - ნინო ბაქაქური დაეკატერინე გასიტაშვილი. ამ მოსამართლეთა მოსაზრებებს და ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებაზე მათ მიერ გამოხატულ მზაობას მმართველი გუნდის მხრიდან მათზე თავდასხმა მოჰყვა. უზენაესი სასამართლოს აღნიშნულ მოსამართლეების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს პრემიერ მინისტრმა და მმართველი პარტიის სხვა წევრებმა.
აშკარაა, რომ მმართველი პარტია არათუ არ აღიარებს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნას, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ რეკომენდაციას, არამედ ცდილობს ამიდეის სრულ დისკრედიტაციას და მის გარშემო მიმდინარე დისკუსიის ჩახშობას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი გუნდის წევრების ღია თავდასხმა განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლეებზე. ამგვარი პოლიტიკური რიტორიკა არის ზეწოლა კონკრეტულ მოსამართლეებზე. გარდა ამისა, ამ განცხადებებს აქვს მსუსხავი ეფექტი სხვა მოსამართლეებზეც, რომლებსაც შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდესთ საკითხზე. შესაბამისად, ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებით ხელისუფლება თრგუნავს სასამართლოს შიგნით არსებულ ისედაც მწირ აზრთა სხვადასხვაობას და ლახავს მთლიანად სასამართლოს და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას", - წერია განცხადებაში.
კოალიციის განცხადებით, ნებისმიერი პოზიცია, რომელიც მიმართულია სასამართლოს მიმართ ნდობის გაზრდისკენ და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისკენ, იმსახურებს მხარდაჭერას. ასევე, კოალიცია აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში აზრთა სხვადასხვაობა სიჯანსაღის მაჩვენებელია და განსხვავებული აზრი არათუ უნდა იდევნებოდეს სისტემის შიგნით თუ მის გარეთ, არამედ უნდა იყოს წახალისებული.
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოუწოდებს ქართულ ოცნებას, შეწყვიტოს თავდასხმები მოსამართლეებზე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე მათ მიერ გამოთქმული განსხვავებული პოზიციების გამო. ასევე, შეწყვიტოს ევროკომისიის რეკომენდაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული კამპანია. კოალიცია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას დაიწყოს მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმირების პროცესი.
11 მარტს, უზენაესმა სასამართლომ განცხადება გაავრცელა და შეშფოთება გამოთქვა მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების პროცედურის - ე.წ. "ვეტინგის" სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით. განცხადებაში სასამართლო ირწმუნება, რომ ვეტინგი "ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას და ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი.
უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე, ეკატერინე გასიტაშვილი და ნინო ბაქაქური ე.წ. ვეტინგზე უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან.