შოვის ტრაგედიის დაზარალებული, მარიტა გუტაშვილი, რომელსაც შოვში ოჯახის 9 წევრი დაეღუპა, ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას არ ენდობა.
ამის შესახებ გუტაშვილმა ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გამოძიებას ხელშესახები შედეგები არ აქვს.
"დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები ძალიან ბევრია. გადავხედეთ გამოძიების მიმდინარეობას, ეტაპებს, როგორ აქვთ გაკეთებული, რას აკეთებენ საერთოდ, რას გამოიძიებენ, მაგრამ იქ ხელჩასაჭიდი არაფერი არ არის. გამოძიების მიმდინარეობის ეტაპებიდან, რასაც გადავხედეთ და რასაც ჩავხედეთ, იმდენად არეულია ელემენტარული ფაქტები, რაც თვალნათლივ ყველამ დავინახეთ, იმდენად არეულია, იმდენად არასწორად მიდის გამოძიება, რომ შეუძლებელია მანდედან ვინმე გამოჩნდეს, რომ არის დამნაშავე. არავის ხელს არ ადებენ.
არავინ არ გვესაუბრება და არავინ არ გვეუბნება ჩვენ, ოჯახის წევრებს, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო, გამოძიება ჩავატარეთ, ასე მოხდა. არ აქვთ პასუხები რეალურად. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ცუდი, რაც კი შეიძლება აქ ითქვას, რომ ხელისუფლება იმდენად დამნაშავეა, რა თქმა უნდა, რომ ვერავის ვერ დაადებს ხელს. იმიტომ, რომ თავისი თავი აქვს დასაჭერი და ის ჩინოვნიკები, ვინც სათავეში დგანან ამდენი ხნის განმავლობაში, ზუსტად ეგენი არიან დასაჭერები. ყველა გზა მაგათკენ მიდის.
სანამ ესენი არიან ხელისუფლების სათავეში, აუცილებლად ასე გაგრძელდება და ყველანაირად მიჩქმალავენ. გამოძიებიდან ნებისმიერი დეტალი გასაიდუმლოებული იქნება. იმდენად არეულია გამოძიება, რომ მე პირადად, ამ გამოძიებას არ ვენდობი. არ ვიცი, ვინ შეიძლება ენდოს, ალბათ, ისევ ის, ვისაც არ უნდა, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს", - ამბობს გუტაშვილი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართული იყო მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.