კირბი: ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს, ცხადია, ის თანამონაწილეა

კირბი: ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს, ცხადია, ის თანამონაწილეა

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორი, ჯონ კირბი ირანს ისრაელში თავდასხმებთან აკავშირებს და ამბობს, რომ ის თანამონაწილეა.

"ირანი დიდი ხანია, მხარს უჭერს ჰამასს და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს მთელ რეგიონში. ამ მხრივ, ცხადია, ირანი თანამონაწილეა, მაგრამ ამ ტიპის თაბდასხმების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია", - ამბობს კირბი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დაჯგუფება ჰამასმა კოორდინირებული და კომპლექსური შეტევისთვის დახმარება ირანისგან მიიღო, თუმცა მისი უშუალო ჩართულობის მტკიცებულებები არ აქვთ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ირანს კავშირი აქვს როგორც უკრაინაში, ისე ისრაელში მიმდინარე მოვლენებთან.

ირანი ისრაელზე თავდასხმის დაგეგმვაში მონაწილეობას უარყოფს, თუმცა ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისიმ პალესტინელ ტერორისტებს მიულოცა და თავდასხმას გამარჯვება უწოდა.

7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.