ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ბათუმში კრუიზით ჩამოსულ რუსებსა და საზოგადოების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა ავტორიტარიზმისკენ მიილტვის.
კინზინგერის თქმით, ქართველ ხალხს ორი არჩევანი აქვს.
"როგორც ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს მთავრობასთან, ვწუხვარ, რომ დღეს ისინი ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და თავიანთ ხალხს იმედ უცრუებენ.
საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს 1) დათანხმდეს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას 2) სჭირდება ახალი მთავრობა"- წერს კინზინგერი.
ბათუმში, რუსული საკრუიზო გემის შემოსვლამდე მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქცია გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
შსს-ს ცნობით, დღეს ბათუმში მიმდინარე პროტესტზე 23 ადამიანი დააკავეს.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი - ლაინერი Astoria Grande აჭარას გვიან ღამით დატოვებს.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.