ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ ჩართულობას, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდებული ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში დროულად აისახოს.
წერილის ავტორებს თქმით, საქართველოს პარლამენტს ცვლილებების შეტანისთვის ვადა 31 მაისამდე აქვს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველო "შემოქმედებითი ევროპის" MEDIA და ინტერსექტორულ მიმართულებებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, რაც ევროპული პროფესიული კავშირებიდან და მნიშვნელოვანი დაფინანსების წყაროდან მოწყვეტას ნიშნავს.
მათი ცნობით, ახლა საქართველო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივი წევრია და შეუძლია მონაწილეობის მიღება დაფინანსების სხვადასხვა სქემაში, მათ შორის კინო განათლებისა და აუდიტორიის განვითარების, კინოფესტივალების, კინოფესტივალების ქსელებისა და ტრენინგების მიმართულებით. ამ დირექტივის განხორციელება საქართველოს "საშუალებას მისცემს გახდეს ქვეპროგრამის სრული წევრი, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალები" - აცხადებენ ხელმომწერები.
ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან შექმნან კინო-პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რაც დააჩქარებს პროცესს და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვნებას.
ამ დროისთვის, განცხადებას ხელს 104 ადამიანი აწერს.
კინო ინდუსტრიის წარმომადგენლების წერილი საქართველოს პარლამენტს:
"ქალბატონებო და ბატონებო,
მოგმართავთ ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალების სახელით.
მოგახსენებთ, რომ 2015 წლის თებერვლიდან საქართველო არის ევროკავშირის კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური ინდუსტრიების მხარდამჭერი პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა" წევრი. ამასთან საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით ყველაზე წარმატებულ ქვეყანას წარმოადგენს.
MEDIA ქვეპროგრამაში, ისევე, როგორც ინტერ სექტორულ მიმართულებაში საქართველოს მონაწილეობის გაგრძელების საკითხი მთლიანად დამოკიდებულია "აუდიოვიზუალური მედია სერვისების შესახებ ევროპული საბჭოს დირექტივასთან "(AVMSD 2010/13/EU) საქართველოს თავსებადობაზე, რის თაობაზეც ევროკომისიისთვის მტკიცებულების წარდგენა 2023 წლის 31 მაისამდე უნდა მოხდეს.
MEDIA ქვეპროგრამის სრული წევრობა ქართულ კინო და აუდიოვიზუალურ ინდუსტრიას მისცემს სამომავლო განვითარების ძალიან დიდ პერსპექტივას და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვან ინტეგრაციას თანამედროვე ევროპულ და საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში.
გამომდინარე იქიდან, რომ განახლებული დოკუმენტის წარსადგენად ძალიან მცირე დროა, ჩვენ, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა არ დავკარგოთ ქართული კინო და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის განვითარების შანსი.
2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა 33 წარმატებული პროექტი. ხოლო ახალი პროგრამის "შემოქმედებითი ევროპა 2021-2027" პირველივე წელს დაფინანსება 6 ქართულმა პროექტმა მოიპოვა.
"შემოქმედებითი ევროპა 2021-2027" 3 ქვეპროგრამას მოიცავს: კულტურა, MEDIA და ინტერსექტორული მიმართულებები.
აუდიოვიზუალური და კინო ინდუსტრიის მხარდამჭერი ქვეპროგრამა MEDIA, პროგრამის სრული ბიუჯეტის 2,44 მილიარდი ევრო, 58% ფინანსდება. ქვეპროგრამა სხვადასხვა კლასტერისგან: Content, Audience, Business, Policy, შედგება და მხარს უჭერს:
საქართველო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივი წევრია და მონაწილეობის მიღება დაფინანსების შემდეგ სქემებში შეუძლია: კინო განათლება და აუდიტორიის განვითარება, კინოფესტივალები, კინოფესტივალების ქსელები, ტრენინგები.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მარტო MEDIA ქვეპროგრამის ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს, არამედ საშუალებას მისცემს გახდეს ქვეპროგრამის სრული წევრი, რისკენაც უკვე წლებია მივისწრაფვით ქართული კინო ინდუსტრიის პროფესიონალები.
ჩვენ, დოკუმენტზე ხელის მომწერი ქართული კინო ინდუსტრიის წარმომადგენლები, მზად ვართ, შევქმნათ კინო-პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რაც დააჩქარებს პროცესს და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვნებას. ამიტომაც ვიმედოვნებთ გაითვალისწინებთ ჩვენს მზაობას ამ კანონზე სამუშაოდ, რათა მოცემულ ვადებში შევძლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასრულება."