კეზერაშვილი: ფორმულა გაგრძელდება, შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, მაგრამ გაგრძელდება

კეზერაშვილი: ფორმულა გაგრძელდება, შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, მაგრამ გაგრძელდება

ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის და თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულას მაუწყებლობა გაგრძელდება. ეს განცხადება კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

კეზერაშვილის თქმით, მაშინ, როდესაც რუსთავი 2 მაუწყებლობდა, არხი კრიტიკული ტელევიზიის ფუნქციას ასრულებდა და იმ პერიოდში არ ფიქრობდა, რომ იყო იმის აუცილებლობა ან თუნდაც ადგილი, დაეფუძნებინა ახალი ტელევიზია. ის აღნიშნავს, რომ ტელევიზიის დაფუძნების გადაწყვეყტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ხელისუფლებამ რუსთავი 2-ის მითვისება გადაწყვიტა.

"მაშინ ჩემს მეგობრებთან ერთად, ჩვენ ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ ახლა არის კარგი აზრი, სწორი დრო იმისთვის, რომ გაკეთდეს ტელევიზია, რომელიც იქნებოდა ასე ვთქვათ, ყველას პლატფორმა, არ იქნებოდა არც პარტიული კუთვნილების, არც ვიღაცის ექსკლუზიური ტელევიზია და ა.შ. და დაარღვევდა ექსკლუზიურობის შეგრძნებას პოლიტიკურ სპექტრში და გაუხსნიდა კარებს ბევრ ახალგაზრდას, ბევრ საინტერესო ადამიანს. მაშინ დავაფუძნეთ ფორმულა, ეს იყო პრინციპში ერთდროულად მთავართან ერთად და მას მერე გვებრძვიან.

დაფუძნების დღიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ცდილობს, რომ ამ ტელევიზიას ჰქონდეს პრობლემები, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა საშუალებებით. ახლა მოიგონეს ის გზა, რაც მოიგონეს. მე მიჩივის თავდაცვის სამინისტრო ზიანის ანაზღაურებაზე და ლოგიკურია, მე სხვა არაფერი არ მაქვს საქართველოში, არის მხოლოდ და მხოლოდ ეს წილი და ბინა. ალბათ, წავლენ მაგ გზით, რომ დააყადაღონ ჩემი წილი და სცადონ, დახურონ ფორმულა", - განაცხადა კეზერაშვილმა.

კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ ფორმულა არ არის ერთადერთი ტელევიზია, რომელსაც პრობლემები აქვს. მისი თქმით, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასიაც იმავე მდგომარეობაში არიან.

"[საქართველოს ხელისუფლება] ბოლომდე წავა, ბოლომდე მიიყვანს ამ პროცესს, ჩვენ დაგვრჩა ერთი საფეხური, უზენაესი სასამართლო, სადაც დიდი ალბათობით, ძალიან გაკვირვებული დავრჩები, თუ რატომღაც მოვიგებ ამ სასამართლოს. რა თქმა უნდა, წავაგებთ. დარჩება აღსრულება, აღსრულება იქნება ხელისუფლების ხელში, როდის და როგორ აამოქმედოს ეს ბერკეტი ფორმულას წინააღმდეგ. ალბათ, დაელოდებიან პოლიტიკურ ამინდს და იმ მომენტში იზამენ, როდესაც ისინი ჩათვლიან, რომ სწორია.

თუმცა, გეგმები არსებობს, ეს ასე მარტივად არ არის. მათ შეიძლება წაიღონ ფორმულა, დახურონ ფორმულა ამ ფორმით, წაიღონ შპს ფორმულას ჩემი წილი, მაგრამ ისინი ვერაფერს ვერ უზამენ იმ გუნდს, რომელიც იქ არის. ვერაფერს ვერ უზამენ სურვილს, რომ ფორმულა არსებობდეს და მე ეგ სურვილი მაქვს. მე გადაწყვეტილება მაქვს და ფორმულა გაგრძელდება. გაგრძელდება შეიძლება სხვა ფორმით, სხვა ადგილიდან, სხვა ვითარებაში, მაგრამ გაგრძელდება...

არის ფორმულა. შემიძლია გავაგრძელო მხოლოდ ფორმულით. ფორმულა იარსებებს. იქნება ფორმულა 1, 2, 3, 4, 5... 8 - იმედია მაგდენი ხანი არ დაგვჭირდება, მაგრამ შეიძლება აქამდეც მივიდეთ.", - ამბობს კეზერაშვილი.

***

პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო. თუმცა, პირველ ეტაპზე უშედეგოდ - გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა. დაცვის მხარის მთავარი მტკიცებულებები ვიდეო მასალები და იმ მოწმეთა ჩვენებები იყო, რომლებიც საქართველოში ისრაელიდან ჩამოსული სპეციალისტების მონაწილეობით წვრთნების გამართვას ადასტურებს.

თუმცა, მოგვიანებით, 2021 წელის 25 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმულას დამფუძნებელს პარლამენტის ტრიბუნიდან დაემუქრა და თქვა: "მე რაც წავედი, მერე გაამართლეთ თქვენ ის. ახლა მიხედავენ, როგორც ჩანს". ამ საჯარო მუქარიდან დაახლოებით 2 თვის შემდეგ, საქმე რომელიც ამ დრომდე თაროზე იდო და რომელიც 2-მა ინსტანციამ უკვე განიხილა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაამართლა კიდეც, ხელახლა წარმოებაში შევიდა. სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში უკვე ჩატარდა და ორივე ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ახლა პროცესი უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლებს.

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საფრანგეთის და ლონდონის სასამართლოებს კი ქართული მხარისთვის მის ექსტრადირებაზე უარი სწორედ სავარაუდო პოლიტიკური დევნის გამო აქვს ნათქვამი.