კეზერაშვილი: ჩემი სახლიდან ამოღებული იარაღი გაფორმებულია, რაც არა - ჩადებულია

კეზერაშვილი: ჩემი სახლიდან ამოღებული იარაღი გაფორმებულია, რაც არა - ჩადებულია

ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებლი, დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ შსს-ს მიერ ჩხრეკისას ნაპოვნი იარაღი მას ეკუთვნის, გაფორმებულია და კანონის სრული დაცვით ინახებოდა.

ამასთან, კეზერაშვილი აღნიშნავს, რომ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ჰქონდა როგორც შსს-ს, ასევე სასამართლოს. მისივე თქმით, ყველაფერი, რაც გაფორმებული არ არის, უწყების ჩადებულია.

"ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ ჩემს საკუთრებაში არსებული სახლის, რომელშიც 2012 წლის შემდეგ არავის უცხოვრია, ჩხრეკისას ამოღებული იარაღის ნაწილი მეკუთვნის მე და მასთან არანაირი შეხება არასოდეს არ ქონია დიმიტრი ჩიქოვანს.

იარაღი, რომელიც ინახებოდა ჩემს სახლში დავტოვე 2012 წლის ოქტომბერში საქართველოდან იძულებით გამომგზავრების წინ, გაფორმებულია და ინახებოდა კანონის სრული დაცვით. ამ იარაღის არსებობის შესახებ წლებია სრული ინფორმაცია ქონდა როგორც ე.წ. შსს-ს ასევე სასამართლოს, რომელიც ჩემს სხვა ქონებასთან ერთად არერთხელ იქნა დაყადაღებული. ყველაფერი, რაც არ არის გაფორმებული, არის ამ ე.წ. უწყების მიერ ჩადებული", - წერს კეზერაშვილი.

ფორმულას დამფუძნებლის განცხადებით, საქართველოში დაშინებასა და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს.

"ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წელზე მეტია გრძელდება, თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით რასაც გომელაურის კრიმინალური დაჯგუფება უკეთებს საქართველოს თავისუფლების მოყვარულ ხალხს თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში. საქართველოში დაშინებას და დევნას შედეგი არც აქამდე გამოუღია და არც მომავალში გამოიღებს", - აღნიშნავს კეზერაშვილი.

6 დეკემბერს შსს-მ გაავრცელა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის საცხოვრებელი სახლიდან იარაღის კოლექცია ამოიღო.

მათი ცნობით, 4 დეკემბერს შსს-მ ჩხრეკა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლის ძმის, ერთიანობა — ნაციონალური მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, დიმიტრი ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში ჩაატარა.

უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას პოლიციელებმა საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ამოიღეს, როგორც რეგისტრირებული, ასევე, რამდენიმე ათეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, მაყუჩები, საბრძოლო ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ბარათი.