კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

კაცს, რომელმაც ავტობუსში ცოლი მოკლა, სააპელაციომაც 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ავტობუსში, შვილების თანდასწრებით ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ როინ მებონიას 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა, მოკლულის დედის მსგავსად, უმკაცრესი სასჯელის გამოყენებას - უვადო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და როგორც თავად ახსნა, არ იყო მიზანშეწონილი უვადო თავისუფლების აღკვეთა მაშინ, როდესაც პირი არის შეზღუდული შერაცხადი.

დღეს მსჯავრდებული არ ესწრებოდა პროცესს, მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ის მკურნალობას ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებაში გადის.

დაცვის მხარე განმარტავდა, რომ უნდა შეწყვეტილიყო მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ან შემსუბუქებოდა მას სასჯელი. მთავარ არგუმენტად და მტკიცებულებად ექსპერტიზის დასკვნა მოჰყავდათ, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ როინ მებონია შეზღუდული შერაცხადია.

მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და განაჩენს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

"მე ბრძოლას არ ვწყვეტ. რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და ვიბრძოლებ, სანამ პირში სული მიდგას. ვითხოვ მაქსიმალურ სასჯელს, მივმართავ უზენაესს და ვნახოთ, რა და როგორ. თუ არა და, უზენაესზე უფრო დიდი ინსტანციებიც არსებობს. კიდევ განვმეორდები, რომ რკინის ქალამნებს ჩავიცვამ და მე მივაღწევ, დავამტკიცებ, რომ მთლად ჩალით დახურულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ", - აცხადებს მოკლული ქალის დედა.

შემთხვევა გასული წლის მაისში მოხდა. როინ მებონიამ გურამიშვილის გამზირზე მოძრავ ავტობუსში ცოლს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა. შედეგად სოფო კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა.