ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილი ფორმულასთან თამაზ გინტურის მკვლელობის დღეს იხსენებს - ის აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ოკუპანტმა თამაზ გინტური მოკლა, რამდენიმე მათგანი მოვიდა და ის იზოლატორში წაიყვანა. დოთიაშვილის თქმით, მას დაზიანებები ცხვირზე აქვს მიყენებული.
"ჩემი უფროსი ძმაც იყო, ოჯახის წევრიც იყო და ყველაფერი იყო. თუ ვინმეზე გული დამწყდა, პირველი თამაზია. საქართველოს მაგარი ვაჟკაცი კაცი დავკარგეთ და ვწუხვარ ძალიან. კაცი ხელებში მომიკლეს, კი დავინახე თითქმის ყველაფერი, ესროდნენ და მომიკლეს ხელებში. ეგ ერთი იყო, ვინც მოგვიკლა თამაზი, იმის მერე რამდენიმე მოვიდა. მე დამადეს ბორკილები და წამიყვანეს ცხინვალის იზოლატორში. ცხვირთან მაქვს დაზიანება მეტი არა", - აღნიშნა მან.
დღეს ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს დაკრძალავენ - ამ წუთებში მისი სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებული კი ლევან დოთიაშვილი იყო, რომელიც ამ დროისთვის თავისუფალია.
ამის შემდეგ ერგენეთში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით აოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა.
თბილისმა თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეთა დასჯა და ლევან დოთიაშვილის გადმოცემა მოითხოვა. შეხვედრაზე, ოკუპანტებმა თქვეს, რომ საკუთარ დანაშაულზე ე.წ. გამოძიებას აწარმოებენ და რომ გატაცებული დაჭრილი არ იყო და ამჟამად ცხინვალის ე.წ. ციხეში იმყოფებოდა.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამტკიცებს, რომ მოკლულმა და გატაცებულმა ე.წ. მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწიეს და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის მიმართ "უკიდურესი აგრესია" გამოიჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.