კარვების კანონს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

კარვების კანონს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

ბიუროს გადაწყვეტილებით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა კანონპროექტი გააკრიტიკეს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟია და მმართველ პარტიას შესთავაზა, რომ ამ ეტაპზე არ დააინიცირონ ცვლილებები ან არ განიხილონ დაჩქარებული წესით და პროცესში ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია ჩაერთოს.

მმართველი პარტიის წევრებმა არ გაიზიარეს ბოკუჩავას ინიციატივა და პროექტი დაჩქარებული წესით განსახილველად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს გადაეცა. შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.