კარასინი ამტკიცებს, რომ ფრენების აღდგენამდე აბაშიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია

კარასინი ამტკიცებს, რომ ფრენების აღდგენამდე აბაშიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ამტკიცებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

ფორმულა გრიგორი კარასინს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთთან შესაძლო ფარული მოლაპარაკებების შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა, რაზეც კარასინმა განაცხადა, რომ ის "აბაშიძესთან განიხილავს პრაქტიკულ საკითხებს, რომელიც ბოლოს ძალიან დიდი ხნის წინ განიხილა".

წინასწარ კომუნიკაციაზე მას შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რაც არაერთმა გარემოებამ მიუთითა, რომ ოფიციალური თბილისი სავარაუდოდ იყო ჩართული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში და იყო ინფორმირებული.

ფორმულა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

გრიგორი კარასინი ასევე აცხადებს, რომ საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის.

"სერგეი ლავროვის შვილის ვიზიტთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. რაც შეეხება ფრენებს, ეს ძალიან სწორი, კეთილი გადაწყვეტილებაა, რომელიც მიმართულია, რათა საქართველოში და რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ადამიანებმა მშვიდად იფრინონ მეგობრებთან, ნათესავებთან, დასასვენებლად, ტურისტულ მოგზაურობებში. ვერანაირ პოლიტიკას აქ ვერ ვხედავ, ეს წმინდად კულტურულ-ჰუმანიტარული გადაწყვეტილებაა, რომელიც იმუშავებს ადამიანების სასიკეთოდ. რა შუაშია აქ ზურაბ აბაშიძე? მე აბაშიძესთან განვიხილავ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან, ჰუმანიტარულ პრობლემებთან, ამ საკითხებს შევეხეთ, თუმცა ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ", - აცხადებს კარასინი.

***

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.