"კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული" - ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა კარვების კანონზე

"კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული" - ეუთო/ოდირის კრიტიკული დასკვნა კარვების კანონზე

სახალხო დამცველის განცხადებით, მისი მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა და ის კრიტიკულად შეაფასა.

ეუთო/ოდირის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა და მასში მითითებულია, რომ კანონპროექტი არ უნდა იყოს მიღებული.

ეუთო/ოდირმა დასკვნის მომზადებისას კონსულტაციები გაიარა გაეროს სპეციალურ მომხსენებელთან მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში. როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ასევე იცავს გრძელვადიან დემონსტრაციებს, გახანგრძლივებულ მჯდომარე აქციებს, ადგილის დაკავების ტიპის მანიფესტაციებს და მოიცავს შეკრების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებასაც.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს. შეკრების სახესთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს მისი გზავნილის ეფექტური კომუნიკაცია და არ უნდა იქონიოს მსუსხავი ეფექტი უფლების განხორციელებაზე.

"შეკრების ფორმასა და ტიპთან დაკავშირებული შეზღუდვები შესაბამისობაში უნდა იყოს კანონიერების, ლეგიტიმურობის, აუცილებლობის, პროპორციულობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ მოთხოვნებთან", - აღნიშნულია ეუთო/ოდირის დასკვნაში.

დასკვნაში დეტალურადაა განხილული კანონპროექტის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები ფართოა და ნათლად განსაზღვრული არ არის, რამაც ხელისუფლების მხრიდან შესაძლოა მისი თვითნებური ან დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.

ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ აქციებით გამოწვეული ჩვეულებრივი ცხოვრებისეული რიტმის დარღვევა, მათ შორის საგზაო მოძრაობის დროებითი შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს შეწყნარებული, სანამ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.

ეუთო/ოდირი მიუთითებს, რომ დროებითი კონსტრუქციების აღმართვის აკრძალვა, როდესაც ის არააუცილებლად ან აქციებთან დაუკავშირებლადაა მიჩნეული, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და გაეროს კონვენციებით დადგენილ ლეგიტიმურ მიზნებს და გაუმართლებელია.

როგორც ეუთო/ოდირი მიუთითებს, არ არის ნათელი, რატომაა არსებული სამართლებრივი ჩარჩო არასაკმარისად მიჩნეული მაშინ, როდესაც ის უკვე შეიცავს დებულებებს გზის ხელოვნურად გადაკეტვასთან, ასევე საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილებების თაობაზე.

დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) ასევე შეფასებულია არაპროპორციულად და მსუსხავი ეფექტის მქონედ უფლების განხორციელებაზე.

როგორც ეუთო/ოდირის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია მითითებული:

შემოთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პოლიტიკური განსხვავებული აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითადაა შეფასებული ასევე კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესი.

ეუთო/ოდირი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი მხედველობაში მიიღებს დასკვნას და უარს იტყვის კანონპროექტის საბოლოოდ მიღებაზე.

***

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში" ცვლილებები მე-3 მოსმენით 5 ოქტომბერსმიიღეს.

შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტში ცვლილებებს პარლამენტში ორი დღის განმავლობაში დაჩქარებული წესით განიხილავდნენ.

ცვლილებების მიხედვით, საპროტესტო აქციებზე კარვებისა და დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აიკრძალება "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების, ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარია, ხოლო მკაცრი მიდგომისას 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა.

კანონპროექტში ოცნების დეპუტატები აზუსტებენ, რომ თუ კანონდამრღვევი ორგანიზატორი აღმოჩნდება, მაშინ მას დანაშაულის გამოსყიდვა მეტად მკაცრი - 5 000 ლარიანი ჯარიმით ან 15-დღიანი პატიმრობით მოუწევს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულაციების გამკაცრების მიზეზად 18 სექტემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადებაა მოყვანილი. სუს-ის მტკიცებით, გარკვეული ჯგუფები საქართველოში "ოქტომბერ-დეკემბერში დესტაბილიზაციას და ე.წ. კარვების ქალაქის გაშენებას გეგმავდნენ".

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან ქართული ოცნების დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.