ევროსაბჭოს ექსპერტები რუსულ კანონთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ "არ არსებობს ამ კანონის გამართლება, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს"
დოკუმენტი ვრცელია და მასში კანონი დეტალურადაა განხილული.
დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონის ზოგიერთი ასპექტი გაურკვეველია, მათ შორის - ითვლება თუ არა სესხი შემოსავლად. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამ პრობლემის გადაჭრაც კი არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ კანონპროექტი ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს.
ასევე, დასკვნაში მითითებულია, რომ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები განურჩევლად მოქმედებს სუბიექტებზე.
"მაშინაც კი, თუ დავუშვებთ, რომ არსებობს სუბიექტის გამჭვირვალობის საჭიროება, რომლებსაც კანონი ეხება, ის მაინც შეუსაბამოა, რადგან შეზღუდვები გავლენას მოახდენს გაერთიანების თავისუფლებაზე, რაც აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში.
გარდა ამისა, კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოსავლის სავარაუდო ჩართვა აშკარად თვითნებურია, რადგან სუბიექტები ვერ გაექცევიან დარეგისტრირების ვალდებულებას მაშინაც კი, თუ შემდგომში უცხოური წყაროებიდან მიღებული შემოსავალი მათი მთლიანი შემოსავლის 20%-ზე ნაკლები იქნება.
კანონი აწესებს რეგისტრაციისა და ფინანსური დეკლარაციის მოთხოვნებს მაშინაც, როდესაც შემოსავლის წყაროს შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიღწევა შესაძლებელია სუბიექტების ვებ გვერდზე დეტალების გამოქვეყნების მოთხოვნით, რაც უკვე მრავალ სუბიექტზე არსებობს.
უფრო მეტიც, კანონში ბევრი დებულება აწესებს მოთხოვნებს პერსონალური მონაცემების გაცემის შესახებ, რასაც არ აქვს კავშირი გამჭვირვალობასთან.
გარდა ამისა, კანონი ადგენს მონიტორინგის უფლებამოსილებას, რომელიც იქნება ძალიან ფართო - ის გავლენას მოახდენს ყველა სამოქალაქო ორგანიზაციაზე და არა მხოლოდ მათზე, რომლებიც ამ კანონით უნდა განიხილებოდეს, როგორც ორგანიზაციები, რომლებიც უცხო სახელმწიფოს ინტერესების გამტარები არიან. მონიტორინგი თავისი სიხშირითა და დიაპაზონით ზედმეტად ინვაზიური იქნება.
და ბოლოს, კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც აშკარად გადაჭარბებულია მისი რეგულაციისთვის.
ამდენად, კანონის მოთხოვნათა არაპროპორციული ხასიათი აუცილებლად გამორიცხავს მის დასაშვებობას ნებისმიერი ლეგიტიმური მიზნისთვის.
თუმცა, კანონის მიზნის ლეგიტიმურობა თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან მის დებულებებში არაფერია, რაც მხარს დაუჭერს მოსაზრებას, რომ მიზანშეწონილია გარკვეული სუბიექტების რეგულირება მხოლოდ მათი შემოსავლის წყაროდან გამომდინარე, მიუხედავად იმ საქმიანობის ბუნებისა, რომლებსაც ისინი ახორციელებენ.
კანონის დასაბუთების ამ სისუსტეს ემატება ის, რომ ის აუცილებლად გამოიწვევს სუბიექტების გაუმართლებელ სტიგმატიზაციას იმის მტკიცებით, რომ არიან უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლები მხოლოდ მათი ზოგიერთი შემოსავლის წყაროს გამო.
მსგავსი რამ გამართლებული არ არის, რადგან ის უგულებელყოფს ამ საქმიანობის შესაბამისობას როგორც საქართველოს კანონსა და კონსტიტუციასთან, ასევე იმ საერთაშორისო ვალდებულებებთან, რომლებიც თავად საქართველომ აიღო.
რომ შევაჯამოთ: არ არსებობს ამ კანონის გამართლება, რომელიც შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს"- ნათქვამია დასკვნაში.