
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გაერთიანების საგარეო მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა, რომ საქართველოს საკითხზე საუბრისას კვლავ დააყენებს სანქციების დაწესების თემას იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც "ძალადობას ახორციელებს და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში."
მისი თქმით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე იმსჯელებენ, თუ დამატებით რა მექანიზმების ამოქმედება იქნება შესაძლებელი საქართველოსთან მიმართებაში.
კალასმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულ შეხვედრაზე დეტალურად არ განიხილავენ უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს.
"დღეს საქართველოსთან დაკავშირებითაც ვიმსჯელებთ. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში მდგომარეობა უარესდება და ჩვენ მოვლენების მრავალ განვითარებას ვუყურებთ. მე მოლაპარაკების მაგიდაზე ისევ დავაყანებ სანქციების საკითხს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ახორციელებს და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში. ასევე ვიმსჯელებთ, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას. დღეს დეტალურად არ განვიხილავთ ბერკეტებს, თუმცა დიახ, უვიზო მიმოსვლის შეჩერება ერთ-ერთ ბერკეტად რჩება", - თქვა მან.