თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ახალი, ფასიანი სერვისების შემოღება იგეგმება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კახა კალაძემ აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს დაავალა.
"ურბანულ მიმართულებას შეგვიძლია ახალი სერვისები დავამატოთ, რომელიც ფასიანი იქნება. ეს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მომსახურება დაჩქარდეს და პასუხი ვადაზე ადრე გაეცეს. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს და შესაბამის სამსახურებს, რომ დაიწყონ ამ საკითხებზე მუშაობა.
ამასთან, დღეს არის კიდევ ერთი პრობლემა - არიან ადამიანები, ვისაც არ აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა არქიტექტურის ან ურბანულ სამსახურთან. არის შემთხვევები, როდესაც შემოტანილ განცხადებაზე ხარვეზი უდგინდებათ. ჰგონიათ, რომ მუნიციპალიტეტი უარს ეუბნება კონკრეტულ ადამიანს ნებართვის გაცემაზე. ფასიანი მომსახურების დამატების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომლებსაც დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ, ეყოლებათ მერიის თანამშრომელი წარმომადგენლის სახით და ყველა სამუშაოს ის შეასრულებს. ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად დავამუშაოთ აღნიშნული სერვისების დაგეგმვა. საზოგადოებას კი ექნება არჩევანი - სწრაფი ფასიანი სერვისი მიიღოს ან კანონით გაწერილ ვადაში ეცნობოს პასუხი", - აღნიშნა თბილისის მერმა.