თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გიგა სოფრომაძის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა და ამას "სპეკულაციებს" უწოდებს. როგორც კალაძე ცდილობს ახსნას, სოფრომაძეს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და მისი გაგრძელების საჭიროება არ იყო.
"ის, რომ ვინმე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა, ტყუილი და ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ის არ იყო შტატში, როგორც თანამშრომელი, ის ხელშეკრულებით იყო და მას ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ის შშმ პირების მიმართულებით პროგრამების დანერგვაზე მუშაობდა. დღეს, ყველა პროგრამას, რომელიც დანერგილია, შესაბამისი ხელმძღვანელი ჰყავს და მისი იქ მუშაობის აუცილებლობა არ იყო. შესაბამისად, ხელშეკრულება დასრულებულია და დღის წესრიგში ახალი ხელშეკრულების გაგრძელების საჭიროება არ იდგა. ეს არის ძალიან მარტივად და ვისაც რა უნდა და რა სპეკულაციები უნდა, მისი უფლება და ნებაა", - თქვა კალაძემ.
გიგა სოფრომაძე ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში შშმ პირთა პროგრამების კოორდინატორის პოზიციაზე იყო დასაქმებული და საპროტესტო აქციებში იღებდა მონაწილეობას.
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი აღნიშნავს, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული გიგა სოფრომაძის გათავისუფლება "პოლიტიკური ანგარიშსწორებაა".