კალაძე: რაც მოხდა, უკავშირდება ეძგვერაძის წარსულს, მე და ზარნაძეს კავშირი არ გვაქვს

კალაძე: რაც მოხდა, უკავშირდება ეძგვერაძის წარსულს, მე და ზარნაძეს კავშირი არ გვაქვს

თბილისის მერი კახა კალაძე უარყოფს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან მასსა და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს რამე კავშირი აქვთ. ის ამ ინფორმაციას მელიას მხრიდან "მორიგ სიბინძურეს" უწოდებს.

კალაძის თქმით, საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება არაერთხელ ყოფილა და ის "საკრებულოს კედლებში" დარჩენილა. მისი მტკიცებით, ეძგვერაძეზე თავდასხმა პოლიტიკოსის წარსულს უკავშირდება.

"ის რაც მოხდა, უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინ არის ირაკლი ეძგვერაძე, რას წარმოადგენს, როგორ ცხოვრობდა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა, ეს არ გამოუვიდა. არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი. შემდეგ "ქუჩის ბიჭობდა" და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში. ახალგაზრდებს სცემდა აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია", - ამბობს ის.

თავს ესხმის ნიკა მელიასაც და მას "ყველაფრის მკადრებელს" უწოდებს. მისი თქმით, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს გადადიან, თუმცა მელია არის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაფერზე არის წამსვლელი.

***

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს. ზარნაძე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგორების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თავდასხმის შემდეგ ეძგვერაძის სახლთან ოპოზიციონერები მივიდნენ. პოლიციამ ადგილზე ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავა. მოგვიანებით, შსს-ში თქვეს, რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელებს, რის გამოც დაზიანებები აქვთ და გამოძიება პოლიციელზე ძალადობის მუხლით დაიწყეს.