თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კანონის გამო სანქციებზე საუბარს "შანტაჟსა და მუქარას" უწოდებს და ამტკიცებს, რომ დასანქცირების "არანაირი მიზეზი არ არსებობს".
"მიჩნდება კითხვა, რატომ უნდა იყოს დასანქცირებული ჩვენი ქვეყანა? ამის არანაირი მიზეზი არ არსებობს . აბსოლუტურად გაუგებარია, ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, მუქარა. რას უშლის ხელს გამჭვირვალობა? რას უშლის ხელს აღნიშნული კანონი? ამდენი ხანია ვისმენ, ვერანაირი განმარტება ვერ მოვისმინე - ერთადერთი. რასაც ვისმენ, შეფასება არის - რუსული. ამაზე დიდი სიდებილე და უაზრობა არ ვიცი.
ვერანაირი არგუმენტაცია ვერ მოვისმინე, რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი პრობლემა. ის, რასაც გვეუბნებიან კონკრეტული ევროპარლამენტარები, რომ გამოდიან და რაღაც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით გვესაუბრებიან, მათ ინტერესში შედის, რომ ეს ყველაფერი იყოს მალული იმიტომ, რომ ის დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებენ რევოლუციას, აფინანსებენ იმას, რომ პოლარიზაცია გაღრმავდეს"- თქვა კალაძემ.
8 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა რუსული კანონის მიღება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესებას.
მილერმა თქვა: "ახლა ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ ვართ შეშფოთებულები ამ კანონპროექტით, რაც შეეხება იმას თუ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, თუ მას მიიღებენ, დაგვაკვირდით... დღეს სათქმელი არაფერი მაქვს".
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.