თბილისის მერი, კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩის გამოტოვებას ეხმაურება, თუმცა არაფერს ამბობს ფეხბურთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე - ამის ნაცვლად, კალაძე საუბრობს იმაზე, რომ "ფეხბურთში ყველაფერი" ხდება. მისი თქმით, ხვიჩა კვარაცხელია გუნდში ლიდერია, თუმცა "მინდორზე 11 კაცი თამაშობს".
"ფეხბურთში ყველაფერი ხდება, ფეხბურთი მაგიტომ არის საინტერესო, რომ ასეთი რაღაცები ხდება. კვარა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ჩვენი ნაკრებისთვის, ის არის ლიდერი გუნდში, ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია, მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა ფეხბურთს არ თამაშობს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, თამაშობს 11 მინდორზე, 11 კაცი და მიუხედავად იმისა, რომ კვარა ვერ დაეხმარება ნაკრებს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ აღნიშნული შეხვედრა წარმატებით ჩაატარონ და გამარჯვება მოიპოვონ", - განაცხადა მან.
20 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ვალიადოლიდში, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ, საკვალიფიკაციო რაუნდში მიღებული მესამე ყვითელი ბარათის გამო, ეროვნული ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს გამოტოვებს.
ინფორმაციას არ გამოხმაურებია ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი - თუმცა ის 2015 წელს ჯაბა კანკავას პოლონეთთან გამოტოვებულ მატჩს სოციალურ ქსელში ფედერაციის კრიტიკით გამოეხმაურა და სწორედ მათ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა. კობიაშვილმა თქვა, რომ დაუდევრობის გამო ფედერაციამ ფეხბურთელს მატჩი გამოატოვებინა და ამას "უპასუხისმგებლობა, არაპროფესიონალიზმი" უწოდა.
ამას გამოეხმაურა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე იაშვილი, რომელმაც ფაქტს "ძალიან სამწუხარო" უწოდა და თქვა, რომ "კონკრეტული პირის მიერ დაშვებული იქნა ძალიან დასანანი ადამიანური შეცდომა", რისთვისაც ბოდიშს იხდის.