კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო ან სანებართვ პირობების დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე სანქციები მკაცრდება. ამის შესახებ დედაქალაქი მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მსგავს დარღვევებზე ჯარიმები ჯერ კიდევ 2018 წელს გაიზარდა, მაგრამ ეს ყველასთვის შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. კალაძის განცხადებით, ახალი კანონი 2024 წლის 11 იანვრიდან შევა ძალაში.
"კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა). კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა)", - თქვა კალაძემ.
გარდა ამისა, მისივე თქმით, ჯარიმები მკაცრდება I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის - III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი ნაცვლად 10 000 ლარისა, ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი ნაცვლად 15 000-ისა.
ჯარიმები გამკაცრდა, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონვერსაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვისაც. კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი ნაცვლად 20 000 ლარისა.
"გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები. სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით, სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით, კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით. სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით. კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით", - აცხადებს მერია.