ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი და თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ "დღეს საქართველოს ყველაზე დიდი მტერი რადიკალური ოპოზიციაა". მისივე თქმით, "რა რუსეთზეა საუბარი?".
ეს კომენტარი კალაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ "ევროკავშირი ვერ შეძლებს რუსეთის გაძევებას ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან".
კალაძე კვლავ იმეორებს, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებდა, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო.
"ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში გარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო? ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით. რა რუსეთზეა საუბარი", - თქვა კალაძემ.
ჟურნალისტებმა კალაძეს ჰკითხეს, ლავროვის ეს განცხადება ევროკავშირის მიმართ მუქარაა თუ საქართველოს, რაზეც მან უპასუხა:
"მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და მომავალშიც ეს დამოკიდებულება გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის".
ლავროვმა დღეს, 13 ნოემბერს თქვა, რომ რუსეთი ამ რეგიონების დატოვებას არ გეგმავს და მოსკოვის მოკავშირეებმა და პარტნიორებმა "ეს ძალიან კარგად იციან".