თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს, რომ 4 დეკემბრიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა სრულად აღდგება და გადაადგილება ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მან ვიდეოჩართვაში ისაუბრა.
"უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ პროექტი დავამთავროთ. ფაქტობრივად, დამთავრებული არის საგზაო ნაწილი უკვე ბოლო ფენებში არის მოქცეული და ორშაბათიდან უკვე მოძრაობა ორმხრივად იქნება შესაძლებელი. ის დისკომფორტი და პრობლემა, რაც იყო ამდენი ხნის განმავლობაში, უკვე ორშაბათიდან მთლიანად მოხსნილი იქნება", - განაცხადა კალაძემ.
მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია 10 იანვარს დაიწყო. შეზღუდვების პერიოდში ავტომობილებს უნივერსიტეტის ქუჩაზე გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად შეეძლოთ - კერძოდ, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო მიხეილ თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეზღუდული იყო.