ჯორჯიან მანგანეზი აცხადებს, რომ კომპანია მზადაა შეასრულოს გაფიცული მაღაროელების ერთ-ერთი მოთხოვნა და "თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს".
კომპანიის თქმით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ მათი მიზანია, "მოგვარდეს კრიზისული სიტუაცია" და შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, რადგან მათთვის "თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა".
ჯორჯიან მანგანეზის განცხადება:
"ჯორჯიან მანგანეზის არაერთი მცდელობისა და შეთავაზების მიუხედავად, რომ დასაქმებულებსა და დამსაქმებელს შორის შეთანხმება შემდგარიყო, თანამშრომელთა ნაწილმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
კომპანიისთვის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვა და მათი უსაფრთხოება ჩვენი მთავარი ღირებულებაა. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია ეხმაურება მიმდინარე აქციებზე არაერთგზის გაჟღერებულ მოთხოვნას, რომ ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს გადაეცეთ.
ჩვენი მიზანია, შექმნილი კრიზისული სიტუაცია დროულად მოგვარდეს, შეწყდეს პროტესტის რადიკალური ფორმა, თანამშრომლები სამუშაო პროცესს დაუბრუნდნენ, აღდგეს ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების რიტმი. ამისათვის კომპანია მზად არის, თანამშრომელთა პასუხისმგებლობის გათავისებისა და სრული კონსენსუსის შემთხვევაში, ჭიათურის მაღაროები მაღაროელებს მართვაში გადასცეს" - წერია კომპანიის განცხადებაში.
მაღაროელები უკვე 17 დღეა, გაფიცულები არიან. მათი ნაწილი უკვე მე-11 დღეა, შიმშილობს.
გაფიცული მაღაროელების ნაწილი ჭიათურიდან თბილისში 19 ივნისს ჩამოვიდა - ისინი პარლამენტის შენობასთან ქციას მართავენ და ღამეს ათევენ. აქციაზე გაფიცულებს მოქალაქეებიც უერთდებიან და სოლიდარობას გამოხატავენ.
18 ივნისს ერთ-ერთმა მაღაროელმა, გიორგი კუპატაძემ თვალები ამოიკერა, მეორე მაღაროელმა კი ვენები გადაიჭრა. მანამდე კიდევ ერთმა თანამშრომელმა პირი ამოიკერა.
მაღაროელები ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას ითხოვენ. ამ დრომდე ყველა მაღარო გაჩერებული და პარალიზებულია. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, გაფიცულებსა და მენეჯმენტს შორის კონსენსუსი ვერ შედგა.
15 ივნისს კომპანია ჯორჯიან მანგანეზსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა. კომპანიამ თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტა, მუშაობის განახლება და მუშაობის შედეგად ეკონომიკური ეფექტიანობის მიხედვით ბონუსების განსაზღვრა შესთავაზა. ამავე განცხადების მიხედვით გაირკვა, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან ყველა პუნქტზე შეჯერდნენ, გარდა ხელფასის მატების და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.