ჯო ბაიდენის თანაშემწე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა

ჯო ბაიდენის თანაშემწე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე: ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა თანაშემწმემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა გლობალნიუსთან ინტერვიუში საქართველოში ვითარებაზე ისაუბრა.

ჟურნალისტმა მას სანქციებთან დაკავშირებით ჰკითხა, რაზეც მან თქვა, რომ აშშ-მა უკვე გადადგა ნაბიჯები და არ გამორიცხა შემდგომი ზომების მიღება, სანქციების ჩათვლით, "რათა პასუხი გაეცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ".

"ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ჩვენ მთელი რიგი ზომები გავატარეთ და ეს მოხდა იმ მიმდინარე საპროტესტო აქციებამდე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებასს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიიღეს და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შესაჩერებლად. ეს გახლავთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რაც ამჟამად შეჩერებულია.

ცოტა ხნის წინ კი, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობაც. ასევე, სხვადასხვა ინსტუტიციის წარმომადგენელ ქართველ ათობით მაღალჩინოსანზე სანქციები დავაწესეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში. ასე რომ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვრიცხავთ შემდგომი ზომების მიღებას სანქციების ჩათვლით, რათა პასუხი გავცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ", - თქვა მან.

ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე დასმული კითხვის პასუხად ის ამბობს, რომ "სხვადასხვა ვარიანტს განიხილავენ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაუწესონ".

"ახლა არ ვაპირებ სანქციებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადება გავაკეთო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს", - ამბობს ის.

სანქციებზე გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც მიუთითა. ის გმობს ქართული ოცნების "სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, პროტესტის მონაწილეების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ" და ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენებაზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებაზე მიუთითებს.