ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საფრანგეთში ჩავიდა. ის ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრება.
თეთრ სახლში გუშინ დაადასტურეს, რომ საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ნორმანდიაში შეხვდება. შეხვედრა ხუთშაბათს არის დაგეგმილი. ვოლოდიმირ ზელენსკიც ნორმანდიაში მოკავშირეების ძალების გადასხმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩადის.
Reuters-ის თანახმად, ჯო ბაიდენი საფრანგეთში ხუთ დღეს გაატარებს და ვიზიტის ფარგლებში ასევე საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს.
თეთრი სახლის თანახმად, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მომავალ კვირაში, დიდი შვიდეულის სამიტის დროსაც გაიმართება. სამიტი იტალიაში ჩატარდება.