გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი, ზურა ჯაფარიძე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ღარიბაშვილს არ ესმის "რა რეალობაში ცხოვრობს და რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი".
"ვნახეთ უკვე ამ მთავრობის განცხადება ღარიბაშვილის სახელით გაკეთებული. ვნახეთ სუსის განცხადება. ღარიბაშვილის განცხადებაში წერია, რომ რუსებს მოუწოდებენ, ყველა მხარესთან ითანამშრომლეთ, რომ დამნაშავეები დაისაჯონო. ვის სჯერა ახლა ამის?
როგორ შეიძლება თავმოყვარე ქვეყანამ გააკეთოს ასეთი განცხადება, როდესაც მოქალაქე მოუკლეს ასე ცივსისხლიანად. ან საერთოდ არ გესმის რა ხდება და რა რეალობაში ვცხოვრობთ და ვინ არის რუსეთი და რა პოლიტიკას ატარებს რუსეთი, ან უბრალოდ რუსეთის მონა ხარ. მე მეორე ვერსიის მჯერა", - ამბობს ჯაფარიძე.
გუშინ ღარიბაშვილმა თქვა, რომ სოფელ კირბალთან "მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ".
***
6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.
ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტურია, გატაცებულია ლევან დოთიაშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.