კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენების პასუხად მეტი ადამიანი გავა ქუჩაში.
მისი თქმით, ვერ მოხდება მოქალაქეების დაშინება, რადგან ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას - თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
"უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ვნახეთ მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, როდესაც ადამიანები მშვიდობიანად იდგნენ მელიქიშვილზე და მოხდა მათი დარბევა, არანაირი საჭიროება ამ თავ-პირის მტვრევის, რაც მოაწყო პოლიციამ, არ არსებობდა, რა თქმა უნდა, ამიტომ, ეს ყოველთვის გამოიწვევს უფრო მეტ პროტესტს. ცხადია, რომ ამის პასუხად მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში და ეს არის სწორედ რასაც ჩვენ ახლა ვაპირებდით, ამიტომ, უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, რომ ასეთი ტიპის ძალისმიერი მოქმედებები, დაშინება ვერ მოხდება ჩვენი თანამოქალაქეების, იმიტომ რომ ისინი ითხოვენ ფუნდამენტურ უფლებას, ქვეყანაში ჰქონდეთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
ამ ადამიანების ერთობა, რომელსაც ვხედავთ, მხოლოდ გაიზრდება. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, განვაცხადეთ გუშინ და კიდევ მინდა გავიმეორო, რომ მიგვაჩნია აუცილებლად ოთხივე კოალიციის წარმომადგენლების ერთიან ფორმატში მსჯელობა, გაერთიანება, სადაც იქნება პრეზიდენტი გამორჩეული როლის შემსრულებელი, იმიტომ რომ ეს ერთიანობა ჩვენი საზოგადოებისგან დაკვეთაა, მაგრამ მთავარი აქ არის ერთიანობის ჩვენება, ეს მინიმუმ მილიონ ხმას წარმოადგენს. მინიმუმ ჩვენი მილიონი თანამოქალაქის ხმის კოალიციას ერთობით შეუძლია აჩვენოს სწორედ ის, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ამომრჩევლების უფლებას, რომ ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.