გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ქართულ ოცნებას მიმართავს და ამბობს, რომ ხელისუფლების პროპაგანდამ და დეზინფორმაციულმა კამპანიამ მომიტინგეებზე ვერ იმუშავა.
ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს არაფრის ეშინიათ და ისინი ქუჩაში იქამდე იქნებიან, სანამ ამის საჭიროება იქნება.
"რამდენიმე სიმართლე, რომლებზეც თვალის გასწორება მოგიწევთ, სანამ თქვენი პარპაში დასრულდება:
1. არ იმუშავა თქვენმა დეზინფორმაციის კამპანიამ. ტყუილად ხარჯეთ მილიონები. ტყუილად გაასუქეთ რამიშვილი. ადამიანების უდიდესი უმრავლესობა ამ ქვეყანაში არჩევს სადაა სინათლე და სადაა ფეკალიები. ეს ხალხი შევა 2030-ში ევროკავშირში, მათ შორის სწორედ იმის გამოც რომ ზუსტად იცის რა უნდა.
2. არ იმუშავა ლაზარეს სამაგალითო დაჭერა/დასჯამ. არა იმიტომ რომ მერე ზურაბიშვილმა შეიწყალა, არა, უბრალოდ არ იმუშავა. არავის ეშინია. კიდია ყველას თქვენი მუქარები და იმდენჯერ და იმდენ ხანს გამოვლენ ქუჩაში რამდენიც მოგებისთვის იქნება საჭირო (განსხვავებით თქვენი ფორმიანი თუ უფორმო დაქირავებული ხალხისგან).
3. არ გშველით პოლიციელების, დაცვის პოლიციელების, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის, გდდ-ს, წვევამდელების, გადაცმული სპორტსმენებისა და კერძო დაცვის სამსახურების თანამშრომელთა ჯამში გაზრდილი რაოდენობა. აზრი არ აქვს. ტყუილად ეგონა თქვენს ბარტონს რომ ახლა უკვე საკმარისი რესურსი აქვს ქვეყნის გასარუსებლად (შარშან არ გვქონდაო). კიდევ ერთი ამდენი ფორმიანი რომ დაამატოთ, მაინც არ გეყოფათ. სიქას გავაცლით. იქამდე მივიყვანთ რომ ყველანაირი დანამატი და პრემია, რომელსაც ურიცხავთ იმ სისასტიკისთვის, რასაც აქციებზე სჩადიან, აზრს დაკარგავს.
4. არ მუშაობს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მხუთავი აირი და უმოწყალო ცემა აქეთ ხალხზე. უფრო სწორად, პირიქით მუშაობს. გასააზრებლად თქვენთვის ალბათ ურთულესი, თუ არა შეუძლებელი ამბავია, მაგრამ ეს ხალხი სრული შეგნებით თავისუფლებისთვის იბრძვის და რა სპრეი? რა გაზი?
5. და ბოლოს, იმდენი იბოდეთ ამ რევოლუციებზე, არეულობაზე და ორგანიზებულ ჯგუფებზე, ბოლოს თავად დაიჯერეთ რომ რაღაც ეგეთი ხდება. მანდ გენ*რევათ ზუსტად. ამ ხალხს არ ჰყავს უფროსი. ყველა ცნობადი სახე რომ დაიჭიროთ, მაინც სახეს აგახევენ. ამ ხალხს არ აქვს წინასწარ შედგენილი გეგმა. რამდენი სუს-ის აგენტიც არ უნდა ჩანერგოთ დემონსტრანტებში ან, მითუმეტეს, პარტიებში, მაინც ვერ შეძლებთ იმის პრევენციას რაც წინასწარ არავინ იცის. ამ ხალხს წიხლზე ჰკიდია პოლიტიკური ბრძოლის გაცვეთილი და ტრადიციული მეთოდები. რამდენიც არ უნდა გეგმოთ პოლიტიკოსების წინა თაობების მიერ გადადგმული ნაბიჯების საწინააღმდეგო ზომები, ეს ახალგაზრდები ყოველ ჯერზე გაგაოცებენ. გონზე არ ხართ ვისთან და რასთან გაქვთ საქმე. მარტო თქვენ კი არა, აქეთ მხარესაც ძალიან ცოტას ესმის რა ფენომენია ეს და ბოლომდე ალბათ არც არავის. ეს თავისუფლება, უფროსისა და ცენტრალური კოორდინაციის არ არსებობა, და სიახლეზე წასვლის სითამამე (ანუ ყველაფერი ის, რაც აქეთ მხარეს სისუსტედ აღიქმება ბევრის მიერ) იქნება ის, რაც თქვენ სინამდვილეში მოგიღებთ ბოლოს. არა პარტიები, არა პოლიტიკოსები, არამედ კონკრეტულად ეს.
ვიცი რომ გჯერათ ბატონის შეუცდომლობის. 12 წელი გაქაჩა. აქამდეც ყოფილა შემთხვევები როცა ეჭვი შეგეპარათ მასში, მაგრამ ფაქტია, ყოველ ჯერზე გამოძვრა. მაგრამ ამჯერად გაგისხათ.
ეს ქვეყანა არ გარუსდება არასდროს. ეს ქვეყანა 2030-ში გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ხალხი გადაჯეგავს ყველას და ყველაფერს, ვინც და რაც ამ გზაზე გადაეღობება", - წერს ჯაფარიძე.