ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ვინც დღეს პარლამენტში ოპოზიციონერ დეპუტატ ტარიელ ნაკაიძეს მიკროფონი ჩაარტყა, მთავარ არხთან ინტერვიუში განააცხადა, რომ "ყველა საკადრის პასუხის მიიღებს, ვინც მოღალატეს დაუძახებს".
ე.წ ხალხის ძალის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის თქმით, ნაკაიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, როცა "მოღალატე" უწოდა და მისი საპასუხო ქცევა "მისაღები იყო".
"ვინც მოღალატეს დამიძახებს, მიიღებს საკადრის პასუხს ყველა. თქვენ ნუ მასწავლით მე როგორ უნდა მოვიქცე. თუ რაიმე პრეტენზია აქვს მიმართოს სასამართლოს... მისაღები [ქცევა] რომ არ ყოფილიყო არ გავაკეთებდი... არ არის მისაღები, როდესაც ადამიანებს შეურაცხყოფას აყენებ. ეგ არ არის შეურაცხყოფა როდესაც... შეურაცხყოფა მან მომაყენა, როდესაც თქვა რომ მოღალატე ვარ." -
ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა ტარიელ ნაკაიძისთვის ბოდიშის მოხდას, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ბოდიში ნაკაიძემ უნდა მოუხადოს.
"ვისთვის? რას ლაპარაკობ, არა, არა, ბოდიში თვითონ მოიხადოს თავისი სიტყვებისთვის და პირი გამოირეცხოს ყველამ, როცა მოღალატეზე საუბრობენ", - თქვა ჯაფარიძემ.