ლელო საქართველოსთვის ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კონსტიტუციის დამრღვევად ცნობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების ნების ბრმად აღმასრულებელია.
ჯაფარიძის თქმით, სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც დაუკვეთა ქართულმა ოცნებამ და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
"სასამართლომ გაახმოვანა ის, რაც ქართულმა ოცნებამ დაუკვეთა და კერძოდ, კობახიძემ, როგორც ოცნების თავმჯდომარემ და ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოც არის ქართული ოცნების ნების ბრმად აღმსრულებელი. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების ეს მცდელობა, გამომდინარე რუსეთიდან მიღებული ინსტრუქციებისგან, ემსახურება იმას, რომ ხელი შეუშალოს სალომე ზურაბიშვილს იმ უმნიშვნელოვანესი ვიზიტების განხორციელებაში, რომელიც ემსახურებოდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხელი შეუშალოს მის შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან. ამას ემსახურება მთელი ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ და რომელიც დღეს გაახმოვანა, სამწუხაროდ, ქართული ოცნებისთვის დაქვემდებარებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
პროცესი ახლა პარლამენტში გადავა, სადაც კენჭს უყრიან ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. პრეზიდენტის გადაყენებას 100 ხმა სჭირდება.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.
სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.
წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.
პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.
№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.
კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.