მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დასრულდა. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ თქვა, რომ ოპოზიციის ლიდერები დღის განმავლობაში დაიგეგმებიან და შემდგომ ნაბიჯზე ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.
მისი თქმით, მოიფიქრებენ პროტესტის ფორმას, რომელიც ქართული ოცნებისთვის "სიურპრიზი იქნება და მათ წყობიდან გამოიყვანს".
"ახლა იმათმა შეცვალეს სტრატეგია, მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, ეს პრობლემა არ არისო და მეორე დღეს აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტილი დატოვება, შინაარსს არის მოკლებული. რადგან მათთვის ეს დისკომფორტი არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და არაფერი ამით არ შეიცვლება.
ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ ახლა დავიშალოთ, წავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში დავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რასაც გავაკეთებთ, სავარაუდოდ, უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამეს, რაც სიურპრიზი იქნება და იმათ წყობიდან გამოიყვანს. ამის გაგრძელებას აქ, ახლა, ჩვენი აზრით, დიდი შინაარსი არ აქვს, ამიტომ წავედით, დავისვენოთ, ძალები მოვიკრიბოთ და გავაგრძელოთ მერე ისევ ერთად", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ ღამე გაათენეს.
აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს "ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისთვის" 15-წუთიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გამოყენებით დაიმუქრა.
ჭავჭავაძის გამზირიდან მელიქიშვილზე გადანაცვლებისკენ აქციის მონაწილეებს ოპოზიციის ლიდერებმა მოუწოდეს.
ჭავჭავაძის გამზირზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობასთან, დიდი რაოდენობით პოლიცია დილის 06:00 საათისთვის გამოჩნდა. პოლიცია მობილიზებული იყო გმირთა მოედანსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზეც.