
ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ 4 ოქტომბერს არჩევნები არ ტარდება! - ეს არის ბრძოლის ველი, სადაც ქართველ ხალხთან ერთად ბრძოლით შესვლა გადავწყვიტეთ.რაც შეეხება ბოიკოტს, ჩვენი პოზიციაც ეს იყო და ამიტომ სრულიად ვეთანხმებით მას, რომ ბოიკოტი ავტორიტარული რეჟიმების დროს წინასწარ განწირულია მარცხისთვის და ვერ შედგება.მე და ჩემი გუნდი, ყოველთვის ვიყავით ერთობის არათუ მომხრე, არამედ ინიციატორები და დღესაც, ვრჩებით ერთობის გულშემატკივრებად. აქვე, კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ საპროტესტო საზოგადოებას ჩვენს მხარდაჭერას და როგორც ყოველთვის, მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ პროტესტის გაძლიერებაში.ევროპარლამენტმა არაერთხელ მოგვიწოდა გაერთიანებისკენ და ამ შესაძლებლობის გამოყენებისკენ. ვეთანხმებით, რომ საარჩევნო გარემო არის გაუარესებული, გამოწვევებით სავსე, პოლიტიკური ლიდერების უმრავლესობა პატიმარობაშია. იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეინარჩუნოს სტატუს-კვო, საჭიროა უკომპრომისო ბრძოლა!
წერს"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე საპატიმრო დაწესებულებიდან.
გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე ბოიკოტის კამპანიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს "მარცხით დასრულდება", რადგან ქართული ოცნება ამ შემთხვევაშიც გააყალბებს შედეგებს და მოახერხებს ხალხის იძულებას, რომ მიიყვანოს საარჩევნო უბნებზე.
აქედან გამომდინარე, ის ამბობს, რომ "არც არჩევნებში მონაწილეობის კამპანია აწყობთ, არც ბოიკოტის" და ოპოზიციას "რეალისტურ გეგმას" სთავაზობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ სიტუაციაში გამოსავალი არის ერთობა, რისთვისაც ის საჭიროდ თვლის წინააღმდეგობის პლატფორმის გაფართოებასა და გაძლიერებას.