ივანიშვილი: იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ

ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებამდე გავუზიარე საზოგადოებას ჩემი განზრახვა, რომ არჩევნებში გამარჯვებიდან ძალიან მალე დავტოვებდი პოლიტიკას. მაშინ ეს ბევრისთვის დაუჯერებელი იყო. თუმცა ისიც გახსოვთ, რომ 2013 წლის ბოლოს სიტყვა შევასრულე. მივიღე მსოფლიო პოლიტიკაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და პრემიერმინისტრის თანამდებობის დაკავებიდან ერთ წელიწადში საკუთარი ნებით დავტოვე მთავრობის მეთაურის პოსტი.

ამით, იმის შეხსენება მინდა, რომ პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ. პოლიტიკაში შესვლის გადაწყვეტილება მივიღე რწმენით, რომ სწორედ ჩემი ეს ნაბიჯი წაადგებოდა მაშინ ყველაზე მეტად ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. პოლიტიკიდან ერთ წელიწადში კი იმ რწმენით გავედი, რომ მისია სრულად მქონდა შესრულებული და დამნაშავეებს ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აღარასდროს გაუჩნდებოდათ.

განაცხადა ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა.

დღეს ქართულმა ოცნებამ წლის შემაჯამებელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. მანამდე, რამდენიმე წუთით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება - ეს ივანიშვილის პოლიტიკაში მეორე "დაბრუნებაა".