იტალიური მედია: რომში მინდია ლავასოღლი დააკავეს

იტალიური მედია: რომში მინდია ლავასოღლი დააკავეს

იტალიური მედიის ცნობით, სამართალდამცველებმა რომში, ჩამპინოს აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.

ინფორმაციის თანახმად, ის იტალიის პოლიციის მობილურმა რაზმმა 22 მაისს გერმანული სანომრე ნიშნის მქონე მანქანაში დააკავა. მინდია ლავასოღლი რეგინა კოელის ციხეში გადაიყვანეს.

მინდია ლავასოღლი 2023 წლის სექტემბრიდან საერთაშორისო ძებნაში იმყოფება კრიმინალუირ გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით.

ქართულმა სასამართლომ მინდია ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება.

ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.