"იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს" - კობახიძეს იტალიაც ამხელს

"იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს" - კობახიძეს იტალიაც ამხელს

რუმინეთის შემდეგ იტალია აცხადებს, რომ მხარი დაუჭირა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის წინადადებას სანქციებთან დაკავშირებით. იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა დე ფაქტო პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც დღეს 5 ქვეყანას, მათ შორის იტალიას "ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო" მადლობა გადაუხადა.

"საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კვლავ დაადასტურა, რომ მკაცრად გმობს ნებისმიერ ძალადობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო კვირების განმავლობაში, მხარი დაუჭირა ზომებს, რომლებიც უმაღლესმა წარმომადგენელმა/ვიცე-პრეზიდენტმა კალასმა წარადგინა, მათ შორის სანქციების წინადადებას (რომელიც სხვა სახელმწიფოების მხრიდან კონსენსუსის არარსებობის გამო არ დამტკიცდა).

ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა კონსენსუსს დიპლომატიური ვიზების გაცემის გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა.

იტალიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირი საქართველოს ხალხის გვერდით უნდა დარჩეს და გამოხატა იმედი, რომ თბილისის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, რომლებმაც ფაქტობრივად შეაჩერეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზა, გადაიხედება", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს დე ფაქტო პრემიერმა 5 ქვეყანას "ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო" მადლობა გადაუხადა. როგორც კობახიძე ამტკიცებდა, ეს ხუთი ქვეყანა - უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, იტალია, ესპანეთი - სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ.

მან ასევე თქვა, რომ "უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს".

16 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საბჭო ქართული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე შეთანხმდა.

ამასთან, მან თქვა, რომ EU-ის საგარეო მინისტრების საბჭოზე განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხიც.

კერძოდ, მან თქვა, რომ "განიხილეს ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირება, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტი წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის უკან დგანან".