ღაზის სექტორთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შემდეგ, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი, იანა ჩერნოხოვა გაეროს დატოვების მოწოდებით გამოდის. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ ქვეყანას არაფერი ესაქმება იმ ორგანიზაციაში, რომელიც "ტერორისტებს უჭერს მხარს და არ სცემს პატივს თავდაცვის ფუნდამენტურ უფლებებს".
ჩეხეთი იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც 27 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციას წინააღმდეგ მისცა ხმა - გაეროს ბოლო რეზოლუცია ისრაელსა და ჰამასს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. დოკუმენტის მიღების წინააღმდეგ აშშ და ისრაელი გამოდიოდნენ. რეზოლუცია წარადგინა იორდანიამ და გენერალურ ასამბლეაზე მას 120-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 14, ხოლო თავის შეიკავა 45-მა.
რეზოლუცია მოუწოდებს "დაუყოვნებლივი, გრძელვადიანი და მდგრადი ჰუმანიტარულ ზავისკენ, რომელიც გამოიწვევს საომარი მოქმედებების შეწყვეტას", ასევე "დაუყოვნებლივი, სრული, მდგრადი, უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისკენ". გარდა ამისა, დოკუმენტი მოითხოვს, რომ ისრაელმა გააუქმოს თავის რეკომენდაცია ჩრდილოეთ ღაზის ევაკუაციის შესახებ.
რეზოლუცია მოითხოვს სამოქალაქო პირების დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ არიან ტყვეობაში, თუმცა გამტაცებლებად ჰამასი მოხსენიებული არაა. შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა დაგმეს რეზოლუცია და ამტკიცებდნენ, რომ ის არ მოიცავს ჰამასის აშკარა კრიტიკას.