ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა, სამიზნე გახდა ბირთვული ობიექტები

ისრაელმა ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანა, სამიზნე გახდა ბირთვული ობიექტები

ისრაელში აცხადებენ, რომ ირანზე მასშტაბური იერიში მიიტანეს და ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. იერიშის დაწყებისთანავე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში "განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა" გამოაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ განხორციელდა რამდენიმე დარტყმა და ისინი "ირანის ბირთვული პროგრამისა და სხვა სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ" იყო მიმართული.

ოპერაციის დაწყების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და თქვა, რომ ისრაელმა დაიწყო ოპერაცია - "აღმავალი ლომი", რომელიც მისი თქმით, "გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება".

ირანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად, ირანის რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი დაიღუპა.

ირანის სახელმწიფო მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის დარტყმის შედეგად საცხოვრებელ სახლებში ხანძარი გაჩნდა, დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები.

ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა BBC-სთან განაცხადა, რომ ისრაელი და აშშ დარტყმებისთვის მძიმე საფასურს გადაიხდიან. მისი თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები აუცილებლად უპასუხებს ამ სიონისტურ თავდასხმას.

რაც შეეხება აშშ-ს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ წინასწარ იცოდა ისრაელის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ-ის სამხედროებს ოპერაციაში მონაწილეობა არ მიუღიათ.