ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დენიელ ჰაგარი ამბობს, რომ ჰამასის სარაკეტო ძალების მეთაურის მოადგილე მოკლეს. მისი თქმით, ისრაელი აგრძელებს ობიექტებზე თავდასხმას ქალაქ ღაზასა და მის მიმდებარედ.
ამასთან, მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეებმა ეს თავისივე უსაფრთხოებისთვის უნდა გააკეთონ, რადგან ისრაელი ღაზის მიმართულებით შეტევებს გააძლიერებს. ჰაგარის განცხადებითვე, ყველა შენობა, რაც ღაზაში ინგრევა, არის შენობა, რომლიდანაც ჰამასი ტერორისტულ ძალებს მართავს. ის მიუთითებს, რომ ჰამასი შენობებს სპეციალურად იყენებს.
ყველა შენობა, რომელიც ღაზაში ინგრევა, არის შენობა, რომლიდანაც ჰამასი ტერორისტულ ძალებს მართავს, ამას სპეციალურად აკეთებენ, რომ შენობები დაინგრეს", - განაცხადა მან.
ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართულებით ლიბანიდან განხორციელებული თავდასხმების გახშირების ფონზე ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაციის გეგმის გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი გეგმა დამატებით 14 სოფელზე გავრცელდება. მანამდე IDF საზღვართან 2 კილომეტრში მდებარე დასახლებებიდან აპირებდა ხალხის ევაკუაციას, რაც ჯამში 28 თემს მოიცავდა.
ისრაელმა საზღვრისპირა დასახლებებიდან მოქალაქეების ევაკუაცია 20 ოქტომბერს დაიწყო და თქვა, რომ ევაკუირებული მოსახლეობა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ საცხოვრებლებში გადანაწილდებოდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით შეტევები გახშირდა. ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება.
ჰამასის თავდასხმის შემდეგ, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.