ისრაელის თავდაცვის ძალების ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი. თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ სამხედროებმა, ამ დრომდე, 203 მძევლის ოჯახს შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ეს რიცხვი არაა საბოლო და თავდაცვის ძალები ახლაც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიების პროცესში არიან.
თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ სამხედროები კვლავ ამოწმებენ ღაზის სექტორის სასაზღვრო ზონას დაკარგული ისრაელელების ცხედრების იდენტიფიცირებისთვის.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.