ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალური მონაცემებით, ღაზას სექტორში მძევლად 126 ისრაელელია აყვანილი. რაოდენობის დაზუსტებამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუბარი იყო 150-მდე მძევლად აყვანილ ადამიანზე.
გარდა ამისა, ისრაელის არმია აცხადებს, რომ საომარ მოქმედებებს მათი სულ მცირე, 279 სამხედრო ემსხვერპლა.
რაც შეეხება დაღუპულთა რაოდენობას, მათი რიცხვი 1300-ზე მეტია, უმრავლესობა კი მშვიდობიანი მოსახლეობაა.
ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს - IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.