ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში იერიში ორ სკოლაზე მიიტანეს, რომლებსაც სამეთაურო ცენტრებად პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასი იყენებდა.
როგორც ცნობილია, ლიკვიდირებულია ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური, ჯაბერ აზიზი და რამდენიმე ტერორისტი. ჯაბერ აზიზი, რომელიც 4 აგვისტოს მოკლეს, აქტიურად მონაწილეობდა ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დაგეგმვაში.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, ღაზის ორ სკოლაზე განხორციელებული ავაიადარტყმების შედეგად დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი, ძირითადად, ქალები და ბავშვები. ისრაელს ამაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ამასთან, 5 აგვისტოს ლიბანის სამხრეთზე ავიადარტყმის შედეგად მოკლულია რადიკალური ისლამისტური ორგანიზაცია ჰეზბოლას სპეცდანიშნულების რაზმ რადვანის მეთაური, ალი ჯამალ ალდინ ჯავადი.
ჯავადის ლიკვიდაცია, ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, მნიშვნელოვნად ამცირებს ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის ჩრდილოეთის წინააღმდეგ ტერაქტების შესაძლებლობას.
ისრაელი ჰამასის და ჰეზბოლას მეთაურების ლიკვიდაციას განაგრძობს ამ დაჯგუფებების და მათი მხარდამჭერი ირანის მუქარის ფონზე. მათ ბეირუთში ჰეზბოლას მეთაური, ფუად შუკრი და თეირანში ჰამასის ლიდერი, ისმაილ ჰანიე მოკლეს.