ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 200 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, განადგურებულია ჰამასის ინფრასტრუქტურა. მათი თქმით, მიმდინარეობს ტერორისტებთან პირისპირ შეტაკებები. დაჯგუფების მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის ლიკვიდაცია ღაზის მთელ სექტორში მიმდინარეობს.
IDF-ის განცხადებით, მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ ადგილების აღმოჩენაა, სადაც ჰამასის ტერორისტებს მძევლები ჰყავთ დატყვევებული.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.