მას შემდეგ, რაც ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში შეტევის დროს, შეცდომით სამი ისრაელელი ტყვე მოკლა, თელ-ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ქალაქის ცენტრში გამოვიდნენ და მომხდარი ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან გააპროტესტეს.
გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ღაზაში შეცდომით 3 ისრაელელ ტყვეს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს - შემთხვევა ისეთ ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამხედროები ბევრ ტერორისტს, მათ შორის, კამიკაძეებს ხვდებიან. დაღუპულებს შორისაა, იოთამ ჰაიმსი, რომელიც ჰამასმა კფარ აზადან გაიტაცა, ასევე, ნირ ამიდან გატაცებული სამარ ტალალკა.
IDF ვარაუდობს, რომ სამივე მძევალმა ტყვეობიდან გაქცევა მოახერხა, ან თავად ჰამასის წევრებმა საბრძოლო მოქმედებებისას მიატოვეს. დენიელ ჰაგარის განცხადებით, "ტრაგიკულ ინციდენტზე" პასუხისმგებლობა ისრაელის თავდაცვის ძალებს ეკისრება. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ - მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მომხდარს ისრაელის ხალხთან ერთად გლოვობს.