საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი ამბობს, რომ გაეროს გენერალური მდივნის განცხადება კონფლიქტთან დაკავშირებით "სამარცხვინოა", ხოლო უშუალოდ გაერო - "მიკერძოებული და პოლიტიზებული". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"გაეროს გენერალური მდივნის განცხადება იყო სამარცხვინო. გენერალური მდივანი მოწყვეტილა რეალობას და მისთვის სამარცხვინოა გაამართლოს ხოცვა-ჟლეტა, სადაც ბავშვები მამაკაცები, ქალები ამოჟლიტეს იმიტომ, რომ ისინი იყვნენ ებრაელები. გაერომ დაადასტურა, რამდენად პოლიტიზებულია, რამდენად მიკერძოებულია ისრაელთან დაკავშირებით. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, რომელმაც შეშფოთება გამოაცხადა ღაზაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ არაფერი თქვეს სექსუალურ ძალადობაზე, რომ ხდებოდა ქალებისა და გოგონების გაუპატიურება. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამაზე ხმა არ ამოიღო. და ვხედავთ კიდევ ერთხელ იმის მტკიცებას, რომ გაერო არის მიკერძოებული და პოლიტიზებული", - განაცხადა ელჩმა.
გუშინ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ჰამასის თავდასხმები "ვაკუუმში არ მომხდარა" და პალესტინელები "56 წელია ოკუპაციას ექვემდებარებიან". მან სოლიდარობა გამოუცხადა პალესტინელ ხალხს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ეს ვერ გაამართლებს ჰამასის შემზარავ თავდასხმებს, ასევე, ეს თავდასხმები ვერ გაამართლებს პალესტინელი ხალხის "კოლექტიურად დასჯას".
ამის საპასუხოდ, გაეროში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გუტიერეშის გადადგომა მოითხოვა და თქვა, რომ მისი განცხადების გამო, ისრაელი უარს იტყვის გაეროს ოფიციალური პირებისთვის ვიზების გაცემაზე.
კრიტიკის შემდეგ მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეშფოთება გამოხატა და განაცხადა, ჰამასის შესახებ მის განცხადებას არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს.